გორში, ე.წ კომბინატის დასახლების ტერიტორიაზე ახალგაზრდა მამაკაცი, გელა თინი კაშვილი მოკლეს. 35 წლის ასაკის მამაკაცს ჭრილობა გულ-მკერდის არეში ბასრი საგნით აქვს მიყენებული.

მკვლელობა ანწუხელიძის ქუჩაზე მოხდა.სასწრაფო დახმარების ჯგუფმა დაჭრილი კლინიკა “გორმედში” გადაიყვანა, თუმცა მამაკაცი საავადმყოფოში შეყვანამდე გარდაიცვალა.

 

მომხდართან დაკავშირებით გარდაცვლილის მეზობლებს ვერსიებზე საუბარი უჭირთ. მათი ინფორმაციით, მამაკაცი მარტო ცხოვრობდა და ტაქსის მძღოლად მუშაობდა.

,,ძლიერი ყვირილის ხმა გავიგეთ, მეზობლები გავცვივდით გარეთ და რას ვხედავთ, ხანჯალი ჰქონდა ზურგში ჩარტყმული და სისხლისგან იცლებოდა ბიჭი. თვითონ გაიქცა და მიიმალა. სასწრაფო რომ მოვიდა გარდაცვლილიაო უკვე, ასე თქვეს. თვითონ ტაქსაობდა ხოლმე.” – ამბობს ერთ-ერთი ადგილობრივი

არსებული ინფორმაციით, მკვლელობას წინ დაპირისპირება უძღოდა.

შემთხვევის ადგილზე სამართალდამცველები მუშაობენ. სავარაუდო დამნაშავის ვინაობა მათთვის ცნობილია.